ოლექსი დანილოვი: მზად უნდა ვიყოთ, რომ რუსეთმა შეიძლება, ქიმიური, ან ბირთვული იარაღი გამოიყენოს

შემიძლია არ მჯეროდეს ქიმიური და ბირთვული იარაღის გამოყენების, მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა.

„პირადად მე ძალიან არ მინდოდა რუსეთის ამ შემოჭრის დაჯერება, რომელიც 24 თებერვალს დაიწყო. მესმოდა, რომ ეს მოხდებოდა, მაგრამ არ მინდოდა ამის დაჯერება. შემიძლია ახლაც არ მჯეროდეს ქიმიური და ბირთვული იარაღის გამოყენების, მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“, - აღნიშნა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.


ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს.


ასევე წაიკითხეთ