გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში 26 აპრილს მოსკოვს ეწვევა, სადაც რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება. იუწყება Reuters-ი გაეროს სპიკერზე დაყრდნობით. მისივე ცნობით, გუტერეშს ასევე ექნება სამუშაო შეხვედრა და ლანჩი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან.
21 აპრილს, გუტერეშმა აგზავნის რუსეთისა და უკრაინის ლიდერებთან ცალ-ცალკე შეხვედრა ითხოვა. გაეროს სპიკერმა განაცხადა, რომ გუტერეშმა შესაბამისი წერილები გაუგზავნა რუსეთისა და უკრაინის მისიებს.
„გენერალურმა მდივანმა თქვა, სურს განიხილოს გადაუდებელი ნაბიჯები უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად და მულტილატერალიზმის მომავლისთვის, რომელიც დაფუძნებულია გაეროს წესდებაზე და საერთაშორისო სამართალზე“, - განაცხადა სპიკერმა.
სამშაბათს, სააღდგომო მიმართვაში, გუტერეშმა მოითხოვა ოთხდღიანი ზავი, რათა მოხდეს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება მძიმედ დაზარალებულ რაიონებში.
ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს.
ასევე წაიკითხეთ