ბრიტანეთმა  ევროკავშირთან  Brexit-ის  შემდგომი სავაჭრო გარიგების ტექსტი გამოაქვეყნა

ბრიტანეთმა ევროკავშირთან Brexit-ის შემდგომი სავაჭრო ხელშეკრულების ტექსტი გამოაქვეყნა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ტექსტი მოიცავს 1,246 გვერდიან სავაჭრო დოკუმენტს, აგრეთვე ბირთვული ენერგიის შესახებ შეთანხმებებზე საიდუმლო ინფორმაციის გაცვლას, სამოქალაქო ბირთვული ენერგიის შესახებ ინფორმაციას და მთელ რიგ ერთობლივი დეკლარაციების სერიას.

ტექსტში ასევე მოცემულია მრავალი დეტალური დანართი, მათ შორის თევზით, ღვინით ვაჭრობის, მედიკამენტების, ქიმიკატების წარმოშობისა და უსაფრთხოების შესახებ.

გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა სავაჭრო შეთანხმებას ორი დღის წინ, რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, მიაღწიეს. დიდ ბრიტანეთსა და ევრობლოკს შორის "ბრექსითის" თაობაზე შეთანხმება 31 დეკემბრამდე უნდა მომხდარიყო, ვინაიდან ეს არის თარიღი, როდესაც ბრიტანეთი ასრულებს ევროკავშირიდან გასვლის პროცესს და შესაბამისად, ამ თარიღის შემდეგ ის აღარ იქნება ევროკავშირის სავაჭრო კანონებზე დამოკიდებული.