ვოლოდიმირ ზელენსკი: გასულ წელს, აღდგომა პანდემიის გამო აღვნიშნეთ სახლში, წელს კი - სხვა ვირუსის გამო, ჭირის გამო, რომელსაც ომი ჰქვია

უკრაინის პრეზიდენტმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა. მისი მიმართვა გადაღებულია კიევის წმინდა სოფიას ტაძარში, რომელმაც ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მეორე მსოფლიო ომის დროს გაუძლო მისი ქვეყნის ნაცისტურ ოკუპაციას.

  • „შარშან აღდგომა სახლში აღვნიშნეთ პანდემიის გამო. წელსაც ქრისტეს აღდგომას აღვნიშნავთ არა ისე, როგორც ადრე - სხვა ვირუსის გამო, ჭირის გამო, რომელსაც ომი ჰქვია“. 

მისივე თქმით, შარშანდელ და წლევანდელ საფრთხეს ერთი რამ აერთიანებს: ვერაფერი დაამარცხებს უკრაინას.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კვირას კიევს ეწვევა. თეთრ სახლს არ დაუდასტურებია ვიზიტი, რომლის დროსაც ზელენსკის თქმით, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინიც უნდა იყოს დელეგაციაში.


2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.

12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.