ენტონი ბლინკენი და ლოიდ ოსტინი უკრაინაში ჩავიდნენ

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის ოლექსი არესტოვიჩის ინფორმაციით, კიევში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ჩავიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

არესტოვიჩის ინფორმაციით, ახლა ისინი კიევში არიან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ხვდებიან. ომის დაწყების შემდეგ, ეს უკრაინაში ამერიკელი მაღალჩინოსნების პირველი ვიზიტია.


19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 800 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის უმეტესი ნაწილი უკრაინას უკვე გადაეცა, მათ შორის საარტილერიო სისტემები, საბრძოლო მასალები და ჯავშანტექნიკა. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ უკრაინისთვის დამატებით $800 მილიონის ღირებულების იარაღს, საბრძოლო მასალასა და უსაფრთხოების სხვა დახმარებებს გამოყოფს.

პენტაგონის პრესსპიკერ ჯონ კირბის ინფორმაციით, აშშ უკრაინას გადასცემს მი-17 ტიპის 11 ვერტმფრენს, 18 ჰაუბიცას, M113 ტიპის 200 ჯავშანტრანსპორტიორს, 100 საბრძოლო მანქანას Humvee, 40 000 საარტილერიო ჭურვს, დამატებით რაკეტებს ტანკსაწინააღმდეგო სისტემისთვის Javelin-ი, დრონებს Switchblade, ჰაერსაწინააღმდეგო რადარებს და ქიმიური და ბიოლოგიური შეტევისგან დამცავ დანადგარებს.


ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.

ასევე წაიკითხეთ: