რობერტ ჰაბეკი: ვიმედოვნებთ, რომ რუსული ნავთობის ალტერნატიულ წყაროებს უახლოეს დღეებში ვიპოვით

გერმანია იმედოვნებს, რომ რუსული ნავთობის ჩასანაცვლებლად ალტერნატიულ წყაროებს უახლოეს დღეებში იპოვის. გერმანიის ეკონომიკის მინისტრის, რობერტ ჰაბეკის თქმით, სწორედ ამის შემდეგ შეძლებს გერმანია ევროკავშირის მიერ რუსული ნავთობის იმპორტზე ემბარგოს გამკლავებას.

ოფიციალური ბერლინი ამ დრომდე აცხადებდა, რომ რუსული ნავთობის იმპორტს წლის ბოლომდე სრულად შეწყვეტდა. „დღეს შემიძლია ვთქვა, რომ [რუსულ ნავთობზე] ემბარგოს გერმანია გაუმკლავდება“, - თქვა ჰაბეკმა პოლონელ კოლეგასთან, ანნა მოსკვასთან ვარშავაში გამართული შეხვედრის შემდეგ.

უკრაინაში ომის დაწყებამდე რუსულ ნავთობს გერმანიაში იმპორტის თითქმის მესამედი ეკავა. 1 თვის წინ ჰაბეკმა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წილი 25%-მდე შეამცირეს. დღეს კი აღნიშნა, რომ რუსული ნავთობის წილი 12%-მდეა შემცირებული. 


ევროკავშირში რუსული ნავთობის სრული ემბარგოს საკითხზე დაწესების შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, – ამის შესახებ განცხადება საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა


უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნები რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტის აკრძალვას განიხილავდნენ, თუმცა, ევროპის დიდმა დამოკიდებულებამ რუსულ წიაღისეულ საწვავზე გადაწყვეტილების მიღება რთული გახადა ბლოკის წევრების უმეტესობისთვის. ევროკავშირი დათანხმდა რუსული ნახშირის აკრძალვას და ლიეტუვა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა რუსული გაზის გამოყენებაზე. ავსტრალიამ, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ რუსული ნავთობის შესყიდვა სრულად აკრძალეს.

გერმანია ზაფხულის დადგომამდე რუსული ნავთობის იმპორტს გაანახევრებს, წლის ბოლომდე კი ნულამდე დაიყვანს, შემდეგ კი იგივე შეეხება გაზსაც, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა რიგაში ვიზიტისას განაცხადა.

ევროკავშირი რუსეთის ენერგომატარებლებზე სრული ემბარგოს საკითხს განიხილავს. ამ დროისთვის ემბარგო ვრცელდება რუსულ ქვანახშირზე. ამ ნედლეულის ევროკავშირის ბაზარზე შეტანა 2022 წლის აგვისტოდან იკრძალება. გერმანია ეკონომიკის რეცესიის შიშით, რაიმე ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას ფრთხილობს. 11 აპრილს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა, რუსული გაზის საფასური ევროში გადაიხადოს, რომელიც შემდეგ რუბლებში დაკონვერტირდება. 23 მარტს, პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები.

15 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანია და უნგრეთი რუსულ ენერგიაზე ემბარგოს მცდელობის დაბლოკვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ევროპული ქვეყნები, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, ფულს სხვა ადამიანების სისხლის ხარჯზე გამოიმუშავებენ.


შეგახსენებთ, 31 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა.


ასევე წაიკითხეთ

ევროპელი კანონმდებლები გერმანიას მოუწოდებენ, რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაეთანხმოს