ევროპარლამენტში ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელმა მოუწოდა გერმანიას, რუსული ენერგიის იმპორტზე ემბარგო დააწესოს. ამის შესახებ თურქული სააგენტო Anadolu იუწყება.
წერილში, რომელიც 24 თებერვლით თარიღდება, ევროპარლამენტის 50 წევრმა მოუწოდა გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს, ევროკავშირის მცდელობებს ხელი შეუწყოს.
„გერმანიამ და ევროკავშირმა არ უნდა დაამტკიცონ, რომ დაუცველნი არიან პუტინის შანტაჟის მიმართ. ამიტომ, ჩვენ ვთხოვთ გერმანიის მთავრობას, დაიკავოს პოზიცია ისტორიის სწორ მხარეს", - განაცხადეს ხელმომწერებმა, რომლებიც წარმოადგენენ ევროკავშირის უმეტეს ქვეყნებს და მთელ პოლიტიკურ სპექტრს ევროპარლამენტში.
მათი განცხადებით, ბლოკი ყოველდღიურად ავსებს 800 მილიონ ევროთი (857 მილიონ დოლარზე მეტი) რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის „ჯიბეებს და ეხმარება მას ომის მანქანის დაფინანსებაში“. აქვე აღნიშნავენ, რომ თუ ასე გაგრძელდა, ევროკავშირს წლის ბოლომდე 200 მილიარდ ევროზე მეტი ექნება გადახდილი.
„ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ გერმანიას შეუძლია, უხელმძღვანელოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ დაძლიონ არსებული პოლიტიკური ჩიხი და დაუყონებლივ განახორციელონ რუსული ენერგეტიკული ემბარგო“, - წერენ წერილში დეპუტატები.
ნედიის ცნობით, ბლოკი ამ კვირაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტს მიიღებს, თუმცა ის არ შეეხება ნავთობისა და გაზის ემბარგოს. ევროკავშირმა 1,5 მილიარდი ევრო გამოყო უკრაინას სამხედრო მხარდაჭერისთვის და 24 თებერვალს ომის დაწყებიდან სანქციების ხუთი პაკეტი მიიღო. პაკეტები მოიცავს შემაკავებელ ზომებს, რომელთა სამიზნე სხვა პირებთან ერთად არიან პრეზიდენტი პუტინი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ოლიგარქები და სამხედრო ოფიცრები.
ევროკავშირმა ასევე აკრძალა ქვანახშირის იმპორტი და ძვირადღირებული საქონლის ექსპორტი რუსეთში. ასევე გარიცხა რუსული და ბელორუსული ბანკები საერთაშორისო გადახდის სისტემა SWIFT-დან.
„ამ დროისთვის ჩვენ ევროკავშირში არ გვაქვს ერთიანი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ნავთობისა და გაზის ემბარგოს შესახებ საბოლოო წინადადება ჯერ არ განიხილება. ევროკავშირის ყველა ქვეყანა მუშაობს რუსულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად. ევროკავშირი შეძლებს საბოლოოდ შეამციროს თავისი დამოკიდებულება. რაღაც მომენტში ეს მოხდება და მაშინ რუსეთი მტკივნეულად იგრძნობს, რომ ნავთობისა და გაზის ბიზნესიდან შემოსავალი იკარგება“, - განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა 25 აპრილს.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნები რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტის აკრძალვას განიხილავდნენ, თუმცა, ევროპის დიდმა დამოკიდებულებამ რუსულ წიაღისეულ საწვავზე გადაწყვეტილების მიღება რთული გახადა ბლოკის წევრების უმეტესობისთვის. ევროკავშირი დათანხმდა რუსული ნახშირის აკრძალვას და ლიეტუვა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა რუსული გაზის გამოყენებაზე. ავსტრალიამ, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ რუსული ნავთობის შესყიდვა სრულად აკრძალეს.
გერმანია ზაფხულის დადგომამდე რუსული ნავთობის იმპორტს გაანახევრებს, წლის ბოლომდე კი ნულამდე დაიყვანს, შემდეგ კი, იგივე შეეხება გაზსაც.
ევროკავშირი რუსეთის ენერგომატარებლებზე სრული ემბარგოს საკითხს განიხილავს. ამ დროისთვის ემბარგო ვრცელდება რუსულ ქვანახშირზე. ამ ნედლეულის ევროკავშირის ბაზარზე შეტანა 2022 წლის აგვისტოდან იკრძალება. გერმანია ეკონომიკის რეცესიის შიშით, რაიმე ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას ფრთხილობს. 11 აპრილს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა, რუსული გაზის საფასური ევროში გადაიხადოს, რომელიც შემდეგ რუბლებში დაკონვერტირდება. 23 მარტს, პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები.
15 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანია და უნგრეთი რუსულ ენერგიაზე ემბარგოს მცდელობის დაბლოკვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ევროპული ქვეყნები, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, ფულს სხვა ადამიანების სისხლის ხარჯზე გამოიმუშავებენ. შეგახსენებთ, 31 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა.
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.
12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.