მაია სანდუ: მოლდოვამ ყველა გზა უნდა გამოიყენოს პროფესიონალი და თანამედროვე არმიის შესაქმნელად

"უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში მოლდოვის არმია სამხედრო აღჭურვილობის, ტექნიკისა და ბრძოლისუნარიანობის გარეშე დარჩა. ამის შედეგებს ახლა ვაცნობიერებთ", - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენმა მაია სანდუმ ეროვნული არმიის გენერალური შტაბის შექმნის 30 წლის იუბილესა და სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მოლდოვის პრეზიდენტის განცხადებით, კარგად გაწვრთნილი არმია ქვეყანას აძლევს თავდაჯერებულობას, სტრატეგიული არჩევანის თავისუფლებას და მოლდოვამ ყველა გზა უნდა გამოიყენოს პროფესიონალი და თანამედროვე არმიის შესაქმნელად.

"ეს არის ინვესტიცია ქვეყნის უსაფრთხოებასა და დაცვაში. ახლა, როდესაც ჩვენს საზღვრებთან ომია, ჩვენ ეს კარგად გვესმის". - თქვა სანდუმ.

სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში აფეთქებების სერიის შემდეგ, მოლდოვამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა.

25 აპრილს, დღის მეორე ნახევარში ტირასპოლში ე.წ. „სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს“ შენობაში აფეთქებები მოხდა, ხოლო 26 აპრილს კი, ტელეანძა ააფეთქეს.


უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, დნესტრისპირეთში მომხდარი აფეთქებები რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი პროვოკაციაა. დნესტრისპირეთში მომხდარი აფეთქებების გამო მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ უშიშროების საბჭო მოიწვია. მოლდოვის პრეზიდენტმა 26 აპრილს განაცხადა, რომ დნესტრისპირეთში დაძაბულობაა სხვადასხვა ძალას შორის, რომელთაც სიტუაციის დესტაბილიზაცია სურთ.

ამჟამად დნესტრისპირეთში 1400-მდე რუსი სამხედრო იმყოფება. 1990 წელს, ადგილობრივი სეპარატისტების მიერ დნესტრისპირეთის „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ გამოცხადებას, მოლდოვის არმიასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა.


ინფორმაციისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზონად გამოაცხადა. ეს პირველი ოფიციალური დოკუმენტია, რომელშიც დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად იქნება მოხსენიებული.

ასევე წაიკითხეთ