ანდრეი კასიანოვი: ჩვენ გაკვირვებით ვუყურებთ საქართველოში შიდა დისკუსიებს, რომლებიც ეხება ომის პარტიებს და მეორე ფრონტის გახსნას

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებით, უკრაინა გაკვირვებულია მეორე ფრონტის გახსნასა და ომის პარტიის შესახებ საქართველოში მიმდინარე შიდა დისკუსიებით.

ანდრე კასიანოვმა ჟურნალისტებს ოლექსი არესტოვიჩის განცხადების შეფასებისას განუცხადა, რომ უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ მხოლოდ ერთი - გამარჯვების პარტია არსებობს.

„ჩვენ ძალიან გაკვირვებით ვუყურებთ საქართველოში შიდა დისკუსიებს, რომლებიც ეხება ომის პარტიებს და მეორე ფრონტის გახსნას. ჩვენ გვიკვირს, ვინაიდან უკრაინამ არ დაიწყო ომი რუსეთის ფედერაციასთან, ჩვენ თავს დაგვესხა რუსეთის ფედერაცია. გვიკვირს, იმიტომ, რომ უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ სხვა პარტია არ არსებობს, არსებობს მხოლოდ გამარჯვების პარტია. ამას ყოველდღე გვიჩვენებს უკრაინის შეიარაღებული ძალები, უკრაინის რადა, პრეზიდენტი“, - განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.

Youtube-ზე გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე, ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ უკრაინული მხარე ოფიციალურ განცხადებებს და ქმედებებს შეაფასებს და არა საუბრის შინაარსს.

ანდრეი კასიანოვის განცხადებით, უკრაინა მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოზიციას, რომლის თანახმადაც, საქართველოს ტერიტორია არ შეიძლება იყოს გამოყენებული ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ სანქციების გვერდის ავლისთვის.

„ჩვენ შევაფასებთ ოფიციალურ განცხადებებს და უფრო კარგად შევაფასებთ კონკრეტულ ქმედებებს. უკრაინა მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოზიციას, რომელიც მან გუშინ გამოთქვა. მან განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორია არ შეიძლება იყოს გამოყენებული ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ სანქციების გვერდის ავლის მიზნით. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ, რა თქმა უნდა, კონტაქტები გვაქვს ევროკავშირის მისიასთან და შეერთებული შტატების საელჩოსთან“, - განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა „ამერიკის ხმასთან ინტერვიუში შემდეგი განცხადება გააკეთა: „მე ჩემს პირად მოსაზრებას გავაჟღერებ, არაოფიციალურს. ჩვენ ამას ღრმა? შეშფოთებით ვუყურებთ, ასე ვთქვათ. ჯერ ერთი ეს არის ისტორიული შესაძლებლობა დაიკავონ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. იქ რუსული ჯარი არ დარჩა, ყველა გაიყვანეს; და მეორე, მთელი მსოფლიოს მხარდაჭერას და უკრაინის მხარდაჭერას მიიღებდნენ. ამას არა მხოლოდ არ აკეთებენ, არამედ ისინი დამატებით ცდილობენ გაამართლონ რუსეთის პოზიციები და ქმედებები. ეს ძალიან არამეგობრული ნაბიჯია უკრაინის მიმართ, ჩვენი საერთო საქმის მიმართ, რადგან აქ ჩვენ არამხოლოდ ჩვენი, არამედ თქვენი თავისუფლებისთვისაც ვიბრძვით. ეს აძლიერებს ქართველი ხალხის ადრეულ ევროატლანტიკური მისწრაფებებს. მე მეჩვენება, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან ცდილობს, მოაწონოს თავი რუსეთს მათი ქმედებებით და განცხადებებით. ეს დიდი პრობლემაა ქართველი ხალხისთვის და ჩვენთვის“.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსეი არესტოვიჩმა 26 აპრილს ასევე განაცხადა, რომ მოლდოვისა და საქართველოს ხელმძღვანელობა არ არიან ომის ადამიანები, სააკაშვილს შეეძლო ამის გაკეთება, თუმცა არა ამჟამინდელ ხელმძღვანელობას. 27 აპრილს, ჟურნალისტებთან საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: „ჩვენ მოვისმინეთ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, რომ ჩვენ არ ვართ ომისთვის მზად და ამას სააკაშვილი გააკეთებდა. დღეს რომ ხელისუფლებაში სააკაშვილი ყოფილიყო, აქ მოაწყობდნენ მეორე მარიუპოლს“. 


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.

12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.