სერგეი ლავროვი: რაც უფრო მალე შეეგუება დასავლეთი ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას, მით უკეთესი იქნება მისთვის

რაც უფრო მალე შეეგუება დასავლეთი ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას, მით უკეთესი იქნება მისთვის და მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

რუსული მედიის ცნობით, სერგეი ლავროვის თქმით, საზღვარგარეთიდან კიევში იარაღის ნებისმიერი გადაზიდვა, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე მდებარეობს, რუსეთის ფედერაციისთვის ლეგიტიმური სამიზნეა.

„დღეს ჩვენ არ ვსაუბრობთ ახალ „ცივ ომზე“, არამედ ვაშინგტონისა და მისი სატელიტების მუდმივ სურვილზე, რომლებიც თავს „კაცობრიობის ბედის არბიტრებად“ წარმოადგენენ, დააწესონ ამერიკაზე ორიენტირებული მსოფლიო წესრიგის მოდელი. საქმე იქამდე მივიდა, რომ დასავლური უმცირესობა ცდილობს შეცვალოს გაერო-ზე ორიენტირებული არქიტექტურა და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული საერთაშორისო სამართალი საკუთარ „წესებზე დაფუძნებული წესრიგით“. ამ წესებს თავად ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები წერენ და შემდეგ საერთაშორისო თანამეგობრობას სავალდებულოდ აკისრებენ,“- აღნიშნა ლავროვმა.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.

12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.


ასევე წაიკითხეთ: