გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მიმართა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, რომ ბოლო მოეღოს რუსეთის შეჭრას უკრაინაში და ადგილზე „უაზრო მკვლელობებს“. ამ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ორშაბათს ბერლინში ინდოეთის პრემიერ მინისტრ ნარენდრა მოდისთან ერთდ გამართულ პრესკონფერენციაზე შოლცმა განაცხადა, რომ „მნიშვნელოვანია ერთად უკეთესი მომავლის მიღწევა, არა ერთმანეთის წინააღმდეგ ომებით, არამედ ეკონომიკური განვითარებისა და ერთობლივი განვითარების შესაძლებლობით“.
გერმანიის კანცლერმა ასევე მოუწოდა პუტინს „გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან“ და დაამატა, რომ „საზღვრები არ უნდა შეიცვალოს ძალადობის გამოყენებით“.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.