უკრაინის ქალაქ ლისიჩანსკში, სკოლა, რომელიც ორ მსოფლიო ომს გადაურჩა, დაბომბვის შემდეგ დაიწვა - BBC

სკოლა, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო, ლუჰანსკის ოლქში, ქალაქ ლისიჩანსკში, დაბომბვის შემდეგ მთლიანად განადგურდა. ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონის ხელმძღვანელზე დაყრდნობით ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გიმნაზია გადაურჩა ორ მსოფლიო ომს და ქალაქისთვის ბრძოლას 2014 წელს, „მაგრამ დაიწვა 2022 წელს, წარმოუდგენელი სისასტიკის გამო, - განაცხადა კურსდამთავრებულმა იანა ჰონჩარენკომ.

სკოლა მე-19 საუკუნის ბოლოს აშენდა და ლისიჩანსკის ბელგიური არქიტექტურული მემკვიდრეობის ნაწილია, ნათქვამია რეგიონის ხელმძღვანელის მიერ გავრცელებულ ტექსტში.

რუსეთმა თავისი ომის ძირითადი აქცენტი აღმოსავლეთ უკრაინაში გადაიტანა მას შემდეგ, რაც კიევის მისადგომებიდან უკან დაიხია.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.