გაერთიანებული სამეფო £300 მილიონიანი მხარდაჭერის პაკეტის ფარგლებში უკრაინას დამატებით იარაღს უახლოეს კვირებში გაუგზავნის. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინის რადასადმი მიმართვისას განაცხადა.
ჯონსონის თქმით, ეს ხელს შეუწყობს გაერთიანებული სამეფოს გრძელვადიან მიზანს „გაძლიერდეს უკრაინა ისე, რომ ვერავინ გაბედოს უკრაინაზე თავდასხმა“.
მისი თქმით, უკრაინამ „არამარტო მიაღწია 21-ე საუკუნის უდიდეს წარმატებას, არამედ გამოავლინა პუტინის გიგანტური შეცდომა, რომლის დაშვებაც მხოლოდ ავტოკრატს შეუძლია“.
- მე დავდიოდი თქვენი დედაქალაქის საყვარელ ქუჩებში და გავიგე საკმარისი უკრაინელების თავისუფლების შესახებ... მე ვუთხარი ყველას ვისაც ვიცნობდი, რომ უკრაინა იბრძოლებს და უკრაინა მართალი იქნება, მაგრამ ჯერ კიდევ იყვნენ ისეთები, ვისაც სჯეროდა რუსეთის პროპაგანდის, რომ რუსეთის შეიარაღება იქნებოდა უძლეველი ძალა და კიევი რამდენიმე დღეში დაეცემოდა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.