გერმანიის კანცლერი შვედეთს და ფინეთს მხარდაჭერას ჰპირდება, თუ ისინი NATO-ში გაწევრიანებას გადაწყვეტენ. ოლაფ შოლცის თქმით, ფინეთს და შვედეთს შეუძლიათ, გერმანიის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეთ, თუ ისინი NATO-ში შესვლას მოითხოვენ. ოლაფ შოლცმა შვედეთისა და ფინეთის ლიდერებს ბერლინის მახლობლად, მინისტრთა კაბინეტის ორდღიან შეხვედრაზე უმასპინძლა.
გერმანიის კანცლერის თქმით, ვერავინ ივარაუდებს, რომ რუსეთი სხვა ქვეყნებს თავს არ დაესხმება. შეხვედრის დასაწყისში, სიტყვით გამოსვლისას კანცლერმა შოლცმა ორივე ქვეყანას „ევროკავშირის ახლო პარტნიორები და მნიშვნელოვანი წევრები“ უწოდა.
შვედეთის პრემიერ მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა და მისმა ფინელმა კოლეგამ სანა მარინიმ განაცხადეს, რომ რუსეთის თავდასხმამ აიძულა მათი ქვეყნები, გადაეხედათ NATO-ში გაწევრიანებაზე თავიანთი გადაწყვეტილებისთვის. ოლაფ შოლცის თქმით, რუსეთის შეჭრამ უკრაინაში დაარღვია მეორე მსოფლიო ომის შემდგომი წესრიგი და აიძულა ევროპა, გაეძლიერებინა თავისი თავდაცვის სტრატეგია.
მისივე თქმით, პუტინი სასოწარკვეთილი ცდილობს რუსეთის ძველი მნიშვნელობის აღდგენას მსოფლიოში, რომელიც შეიცვალა.
„არ იფიქროთ, რომ „იმპერიალისტური“ პუტინი სხვა ქვეყნებს თავს არ დაესხმება. ვერავინ ივარაუდებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი და მთავრობა სხვა შემთხვევებში ძალადობით არ დაარღვევენ საერთაშორისო სამართალს“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.
ამასთან, ჟურნალ Stern-თან ინტერვიუში გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პოლიტიკა იმპერიალისტური იყო და ის მეზობელ ქვეყნებს რუსეთის უკანა ეზოდ თვლიდა.
„მას სურს თავისი ტერიტორიის გაფართოება და საზღვრების ძალადობით გადაწევა“, - განაცხადა შოლცმა.
Reuters-ის ინფორმაციით, ფინეთი და შვედეთი NATO-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ოფიციალურად მაისის შუა რიცხვებში წარადგენენ. როგორც შვედური მედია წერს, აშშ და ბრიტანეთი დაპირდნენ ქვეყანას, რომ გაზრდიან სამხედრო წარმომადგენლობას, სამხედრო წვრთნების რაოდენობასა და პოლიტიკურ მხარდაჭერას NATO-ში შესაძლო გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობისას.