გენერალი მარკ მილი: მსოფლიო უფრო არასტაბილური ხდება

„რუსეთის უკრაინაში შეჭრა საფრთხეს უქმნის არამხოლოდ ევროპის, არამედ გლობალურ მშვიდობასა და სტაბილურობას“, ამის შესახებ შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ თავდაცვის ბიუჯეტის შესახებ სენატის ასიგნებების ქვეკომიტეტის მოსმენაზე, დეპუტატებს განუცხადა.

„რუსეთის შეჭრა უკრაინაში საფრთხეს უქმნის არამხოლოდ ევროპის მშვიდობასა და სტაბილურობას, არამედ გლობალურ მშვიდობასა და სტაბილურობას, რომლის დასაცავადაც ჩემი მშობლები და თაობები ასე იბრძოდნენ”, - განაცხადა მილიმ.

მისი თქმით, მსოფლიო უფრო არასტაბილური ხდება.

„დიდ სახელმწიფოებს შორის მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონფლიქტის პოტენციალი იზრდება და არა მცირდება“, - განაცხადა აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა.

გენერალმა დაამატა, რომ აშშ ძალიან კრიტიკულ და ისტორიულ გეო-სტრატეგიულ გადახრის წერტილში იმყოფება, სადაც შეერთებული შტატების არმიამ ერთდროულად უნდა შეინარჩუნოს მზადყოფნა და მოდერნიზება მომავლისთვის.

„თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, მაშინ საფრთხეს ვუქმნით მომავალი თაობების უსაფრთხოებას”, - განაცხადა მარკ მილიმ.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.