Bloomberg: ინდოეთს, რუსული ნავთობის ყიდვა მეტი ფასდაკლებით სურს

ინდოეთი ცდილობს რუსულ ნავთობზე მეტი ფასდაკლება მიიღოს და სურს ბარელი $70 იაფად იყიდოს. ამის შესახებ Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს.

სააგენტოს ცნობით, მოსკოვში მოლაპარაკებაზე მყოფმა ინდოეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სურთ დამატებითი ხარჯები შეამცირონ, რომელიც რუსული ნავთობის შესყიდვასთანაა დაკავშირებული და ნედლეული უფრო დაბალ ფასში იყიდონ, რადგან გართულებული გეოპოლიტიკური ვითარების გამო, სანქციების შედეგად ზეწოლა იზრდება.

4 მაისის მონაცემებით Brent-ის მარკის ნავთობის ერთ ბარელზე ICE -ს ბირჟაზე ვაჭრობისას $108 დაფიქსირდა.

ინდოეთი ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელსაც რუსული ნავთობის იმპორტზე უარი არ უთქვამს. „მსოფლიოში ნავთობის სიდიდით მესამე იმპორტიორის საჯარო და კერძო ქარხნებმა 40 მილიონ ბარელზე მეტი რუსული ნავთობი იყიდეს თებერვლის ბოლოს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. ეს 20%-ით მეტია, ვიდრე რუსეთმა  ინდოეთს 2021 წელს მიაწოდა“, - წერს სააგენტო.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი ინდოეთს ორმაგი გადახდის მექანიზმს სთავაზობს: რუსული ნავთობისთვის - დოლარში ან ევროში, სხვა საქონელზე - რუპიებში და რუბლებში SWIFT-ის, რუსული ფინანსური შეტყობინებების გადაცემის სისტემის ალტერნატივის მეშვეობით. თუმცა სააგენტო წერს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მაშინ არ იყო მიღებული.


Bloomberg-ის ინფორმაციით, დაწესებული სანქციების ფონზე, რუსეთმა ინდოეთს მარტში ნავთობის პირდაპირ შესყიდვაზე დიდი ფასდაკლება შესთავაზა. რუსეთი ინდოეთს ურალის ნავთობს ომამდელი ფასით, ბარელს $35-ად სთავაზობს. შეთავაზება ხდება იმ ფონზე, როცა Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი დაახლოებით $10-ით გაიზარდა.რუსეთს დასაწყისისთვის სურს, ინდოეთმა 15 მილიონი ბარელი ნავთობი იყიდოს. როგორც ცნობილია, მოლაპარაკებები სამთავრობო დონეზე მიმდინარეობს.


ცნობისათვის ინდოეთის ბაზარზე რუსული ნავთობის წილი 2021 წელს 2%-ს შეადგენდა (33 მილიონი ბარელი). ახლო აღმოსავლეთი ინდოეთის ბაზარზე ნავთობის ძირითადი მიმწოდებელია და მასზე იმპორტის 60% მოდის. 

ინდოეთზე საერთაშორისო ზეწოლა იზრდება არა მხოლოდ იმის გამო, რომ დელის რუსეთის უკრაინაში შეჭრა საჯაროდ არ დაუგმია, არამედ იმის გამოც, რომ ინდოეთი რუსეთისგან ფასდაკლებული ნავთობის ყიდვას ამ დრომდე განაგრძობს.


ასევე წაიკითხეთ