ოლექსი არესტოვიჩი: განადგურებულია რუსეთის 58-ე არმია, რომელიც 2008 წელს ცხინვალში შემოიჭრა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა ყოფილი რუსი ადვოკატისა და პოლიტიკოსის, მარკ ფეიგინის Youtube-ის არხზე განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის 58-ე არმია პრაქტიკულად განადგურებულია.

„მთელი 58-ე არმია განადგურებულია, ბრძოლისუნარიანი დარჩა მხოლოდ მე-100 ბრიგადა, სადაზვერვო, საზღვაო ქვეითები და მე-7 ბაზა აფხაზეთიდან, რომელიც, სხვათა შორის, უარს ამბობდა წინსვლაზე. ისინი დაარბიეს, თუმცა, მეტ-ნაკლებად ბრძოლისუნარიანობას ინარჩუნებენ". - თქვა არესტოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ 2008 წელს, აგვისტოს ომში რუსეთის 58-ე არმიამ ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმების კონტროლირებად ტერიტორიებთან ერთად ახალგორის რაიონი, ზემო აფხაზეთი, გორის რაიონის რამდენიმე სოფელი და საჩხერის რაიონის სოფელი პერევი დაიკავა.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. რუსეთმა თავისი საომარი მოქმედებების ძირითადი აქცენტი აღმოსავლეთ უკრაინაში გადაიტანა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.