რუსი ოკუპანტების საბრძოლო დანაკარგი, საერთო ჯამში, დაახლოებით, 24 700 სამხედროს აღწევს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
"უკრაინაზე რუსეთის აგრესიის დაწყებიდან დღემდე, ოკუპანტების ზარალმა შეადგინა: 1092 ტანკი, 2651 ჯავშანმანქანა, 499 საარტილერიო სისტემა, 169 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 83 ერთეული საჰაერო თავდაცვის სისტემა, 196 თვითმფრინავი, 155 შვეულმფრენი, 1907 საავტომობილო ტექნიკა და საწვავ-საპოხი მასალებით სავსე ავზი, 10 ერთეული გემი/ კატერი, 303 ერთეული ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 38 სპეცტექნიკა, 89 ფრთოსანი რაკეტა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.