საფრანგეთში, სანქცირებული რუსი ოლიგარქის მიხაილ ფრიდმანის ვილა და სახლი დააყადაღეს. ამის შესახებ რუსული მედია The Insider -ზე დაყრდნობით წერს. გამოცემა, საფრანგეთის ფინანსთა სამინისტროს დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს, რომ სან-ტროპეში ფრიდმანის ვილა Copab დააყადაღეს.
როგორც ჟურნალისტური გამოძიებით გაირკვა, ვილა ფრანგულ ფირმა SNC COPAB-ზეა რეგისტრირებული. მისი ბენეფიციარები არიან მიხაილ ფრიდმანის შვილები ლარისა და ეკატერინე, ხოლი 1%-ს მისი ყოფილი ცოლი, ოლგა აიზმანი ფლობს.
დოკუმენტებიდან ჩანს, რომ ფრიდმანი ვილის გაქირავებით თვეში €180 ათასიდან €440 ათასამდე შოულობდა. ვილის ტერიტორიაზეა აუზი, საუნა და ვერტმფრენის დასაფრენი ბილიკი.
ამასთან, პარიზში დააყადაღეს მიხაილ ფრიდმანის სახლი, რომელიც ასევე შვილებისა და ცოლის სახელზე კომპანია SCI მეშვეობითაა რეგისტრირებული.
ცნობისათვის, მანამდე რუსი ოლიგარქი ევროკავშირისა და ბრიტანეთის სანქციების ქვეშ მოექცა. 17 მარტს, ფრიდმანმა განაცხადა, რომ მას საბანკო ბარათი დაუბლოკეს და თვეში მხოლოდ $3 300 დახარჯვის უფლება აქვს. ფრიდმანი LetterOne, Alfa Group-ის ძირითადი აქციონერია.
29 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ IDS ბორჯომმა სანქციების გამო, წარმოება დროებით შეაჩერა. 2013 წლიდან რუსული Alfa Group ფლობს IDS Borjomi International-ის საკონტროლო წილს. მისი დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის სანქციების სიაშია.
ასევე წაიკითხეთ