გაერო: უკრაინაში ომის შედეგად, 3 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 231 ბავშვი

გაეროს მონაცემებით, უკრაინაში ომის შედეგად, 3 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 231 ბავშვი.

ორგანიზაციის ცნობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ, სულ მცირე 3 280 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 231 ბავშვი და 3 451 დაშავდა.

„სამოქალაქო პირების დაღუპვისა და დაშავების მიზეზი უმეტესწილად გამოწვეული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენებით, მათ შორის მძიმე არტილერიისა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების დაბომბვით, ასევე სარაკეტო და საჰაერო დარტყმებით“, – ნათქვამია მოხსენებაში.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. რუსეთმა თავისი საომარი მოქმედებების ძირითადი აქცენტი აღმოსავლეთ უკრაინაში გადაიტანა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.