აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და G7-ის ლიდერებთან შეხვედრას გამართავს.
„კვირას დილით, პრეზიდენტი ბაიდენი მიიღებს მონაწილეობას G7 ლიდერთა შეხვედრაში, რომელსაც ხელმძღვანელობს გერმანიის კანცლერი შოლცი. ლიდერებს შეუერთდება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი“, - განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა.
8 მაისს დაგეგმილი შეხვედრის დღის წესრიგშია უკრაინაში ომი და რუსეთის წინააღმდეგ მძიმე სანქციების დაწესების საკითხი.
ინფორმაციისთვის, G7 წევრები არიან: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია,კანადა,საფრანგეთი, იაპონია, აშშ. ამ ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები ყოველწლიურ სამიტებზე შეხვედრისას აყალიბებენ ერთობლივ პოზიციებს გლობალური პოლიტიკის საკითხებზე. ძირითადი აქცენტი მოიცავს გლობალურ ეკონომიკას, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.