"ოკუპანტები აგრძელებენ სრულმასშტაბიან შეიარაღებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ", - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება.
მათი ცნობით, სლობოჟანსკის მიმართულებით მტერი აგრძელებს ხარკოვის მახლობლად არსებული დასახლებების საარტილერიო დაბომბვას.
„სლობოჟანსკის მიმართულებით მტერი აგრძელებს ხარკოვის მახლობლად არსებული დასახლებების საარტილერიო დაბომბვას. იზიუმის მიმართულებით ოკუპანტები ახორციელებენ საჰაერო დაზვერვას უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, უკრაინის ჯარების პოზიციების დასადგენად. ცირკუნისა რუსკი ტიშკის დასახლებების მიდამოებში ოკუპანტებმა ააფეთქეს სამი საავტომობილო ხიდი, რათა შეანელონ უკრაინის თავდაცვის ძალების კონტრშეტევითი მოქმედებები. დონეცკისა და ტავრიას მიმართულებით, ოკუპანტები აგრძელებენ საარტილერიო დაბომბვას ფრონტის ხაზის გასწვრივ და იყენებენ ოპერატიულ და ტაქტიკურ თვითმფრინავებს ჩვენი ჯარების პოზიციებზე სარაკეტო იერიშებისთვის“, – ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.