უკრაინელი სამხედროს წერილი „აზოვსტალიდან“: საზღვაო ქვეითები, მუდამ ერთგულნი იქნებიან, დიდება უკრაინას!

უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითთა ცალკეული ბრიგადის მაიორმა, მარიუპოლის გარნიზონის ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგეი ვოლინამ, „აზოვსტალის“ ქარხნიდან, სადაც აზოვის პოლკისა და უკრაინის საზღვაო ქვეითთა ბოლო ძალებია გამაგრებული, Facebook-ზე წერილი გამოაქვეყნა:

  • რას ვგრძნობ?

თავი რაღაც ჯოჯოხეთურ რეალითი შოუში მგონია, სადაც სამხედროები სიცოცხლისთვის ვიბრძვით, გადარჩენის ყველა შანსს ვიყენებთ და მთელი მსოფლიო უბრალოდ გვიყურებს! ასეთ სცენარებს იყენებენ ფილმებსა და სერიალებში. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ეს ფილმი არ არის, და ჩვენ არ ვართ გამოგონილი პერსონაჟები! ეს არის ნამდვილი ცხოვრება! ტკივილი, ტანჯვა, შიმშილი, წამება, ცრემლი, შიში, სიკვდილი - ყველაფერი ნამდვილია!

  • რა მაკვირვებს?

ცინიზმი!!! ადამიანის ცინიზმს საზღვარი არ აქვს!!! არსებობს საერთო წესები, ისინი ყველასთვის ერთნაირია, დამოწმებულია კანონების, ხელმოწერების და შტამპების ბუკეტი, მაგრამ არ მუშაობს! მაშინ რატომ სჭირდებათ ისინი?

  • რისი იმედი მაქვს?

გასაკვირია!!! რომ უმაღლესმა ძალებმა (ამ სიტყვის ზოგადი გაგებით) იპოვონ ჩვენი საშველი! და დასრულდება ეს ჯოჯოხეთი რეალითი შოუ... მაღალო ძალებო, ველოდებით თქვენი ქმედებების შედეგებს... დრო მიდის, დრო კი ჩვენი ცხოვრებაა! საზღვაო ქვეითები – მუდამ ერთგულნი იქნებიან! დიდება უკრაინას!

P.S. თეთრი დროშები, სამოქალაქო პირების ევაკუაციისთვის, უკვე მეოთხედ გამოიყენება, ხალხის ყოველი ევაკუაციის დროს. ბოლო ევაკუაციის ფასი სამი დაღუპული და ექვსი დაჭრილი სამხედროა. მარიუპოლის გარნიზონმა ყველაფერი გააკეთა მშვიდობიანი მოსახლეობის გადასარჩენად. ყველას ვთხოვთ, მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინონ სამხედრო ევაკუაციისთვის.


7 მაისს, უკრაინის ვიცეპრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ რუსი ოკუპანტების მიერ, ალყაში მოქცეული „აზოვსტალიდან“ ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცის ევაკუაცია განხორციელდა.

როგორც ცნობილია, მარიუპოლი პირველი მარტიდან ალყაშია. აზოვსტალზე სამხედრო იერიში 1-ელი მაისიდან განახლა. 4 მაისს კი რუსი სამხედროები „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე შეიჭრნენ.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.


ამავე თემაზე