სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე ვუჩიჩმა მოქალაქეების წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნებს სურთ, რომ სერბეთმა აღიაროს კოსოვო. ამის შესახებ, Anadoly წერს.
ვუჩიჩის განცხადებით, სერბეთი დიდი პრობლემის წინაშეა, რადგან დასავლეთის ქვეყნების მოთხოვნა კოსოვოს აღიარების შესახებ კიდევ უფრო გაღრმავდება.
მისი თქმით, ქვეყანაში ვითარება უარესდება, რაზეც გავლენას ახდენს „რუსეთის პრეზიდენტის განცხადება, რომელიც კოსოვოს საკითხს განსხვავებულად უყურებს“.
„ჩვენ ბევრი მოლაპარაკება გავმართეთ კოსოვოს საკითხზე, როგორც საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ასევე ოფიციალურ პირებთან პრიშტინიდან. მაგრამ მას შემდეგ, რაც კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ალბინ კურტმა ადმინისტრაცია გადაიბარა, კოსოვოში სერბებზე თავდასხმები გახშირდა“, - აღნიშნა ვუჩიჩმა.
ვუჩიჩის შეფასებით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ კოსოვოს რუსეთი აღიარებს.
ამასთან, სერბეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანა ევროკავშირის მიმართულებით მტკიცე ნაბიჯებს დგამს. სერბეთის ლიდერმა, ასევე განაცხადა, რომ ქვეყანაში 90-დღიან სავალდებულო სამხედრო სამსახურის შემოღებას არ გამორიცხავს.
პუტინის თქმით, დასავლეთის ქვეყნები ცნობენ კოსოვოს დამოუკიდებლობას და საერთაშორისო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება კოსოვოს შესახებ მაგალითს აძლევს დონბასს. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინული დონბასისთვის კოსოვოს მაგალითის თავისებურმა წარმოდგენამ სერბეთში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. კერძოდ, დაიბეჭდა სტატიები სათაურით, რომ „პუტინმა სერბეთს ზურგში დანა ჩაარტყა“.