თეთრი სახლის ოფიციალური ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვირტუალური შეხვედრა G7-ის ლიდერებთან და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან დაიწყო. შეხვედრა, რომელიც სპეციალურად იმართება რუსეთის მიერ ყოველწლიური გამარჯვების დღის აღნიშვნამდე ერთი დღით ადრე, ფოკუსირებული იქნება უკრაინაში პუტინის შეჭრაზე, უკრაინის მხარდაჭერასა და G7-ის უწყვეტი ერთიანობის დემონსტრირებაზე, მათი კოლექტიური პასუხის ჩათვლით.
სანქციები ასევე იქნება დღის წესრიგში, განუცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN-ს.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.