დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო, რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა. გაერთიანებული სამეფოს საგარეო ვაჭრობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციები შეეხო პროდუქციას, რომლის სავაჭრო მოცულობა წელიწადში 1.7 მილიარდ გირვანქა სტერლინგი იყო.

ლონდონში აცხადებენ, რომ ახალი სანქციების მიზანია პუტინის სამხედრო მანქანის დასუსტება.

გარდა ამისა, აკრძალულია 308 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ქიმიური ნივთიერებების, პლასტმასის, რეზინისა და მძიმე ტექნიკის ექსპორტი. ამ მოცულობიდან 1.4 მილიარდი იყო რუსული ექსპორტი ბრიტანეთში, რომელზეც ლონდონი ახლა დამატებით 35-პროცენტიან იმპორტის ტარიფს აწესებს.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო ვაჭრობის დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთო ჯამში, რუსეთის საწინააღმდეგო სანქციები უკვე ეხება პროდუქციას, რომლის სავაჭრო მოცულობა წელიწადში, დაახლოებით 4 მილიარდი გირვანქა სტერლინგი იყო.


 ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
 
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ასევე წაიკითხეთ: