მაშინ, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ორშაბათს მოსკოვში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე სიტყვით გამოვიდა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა.
- „ჩვენ ვიბრძვით ჩვენი შვილების თავისუფლებისთვის და ამიტომ გავიმარჯვებთ“.
"ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ იმას, რაც ჩვენმა წინაპრებმა გააკეთეს მეორე მსოფლიო ომში, რომელმაც რვა მილიონზე მეტი უკრაინელი შეიწირა. ძალიან მალე უკრაინაში გამარჯვების ორი დღე იქნება, ვიღაცას კი არცერთი არ ექნება. მაშინ გავიმარჯვეთ, ახლა გავიმარჯვებთ. გილოცავთ ნაციზმზე გამარჯვებას!“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.