აშშ-ის პირველი ლედი სლოვაკეთის პრეზიდენტს შეხვდა

შეერთებული შტატების პირველი ლედი ჯილ ბაიდენი ორშაბათს ბრატისლავაში, პრეზიდენტის სასახლეში სლოვაკეთის პრეზიდენტს ზუზანა კაპუტოვას შეხვდა.  თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, მხარეებმა უკრაინის მიმართ შეერთებული შტატების მხარდაჭერა განიხილეს. ბაიდენმა სლოვაკეთს ლტოლვილების მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ამ მშვენიერ ქვეყანაში ყოფნის დროს, მე დავინახე საერთო ღირებულებები, რომლებიც აერთიანებს სლოვაკეთს და შეერთებულ შტატებს, როგორც მეგობრებს, პარტნიორებს და მოკავშირეებს. ეს მოიცავს ჩვენს საერთო მიზანს, დავეხმაროთ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. ჩვენ ვდგავართ სლოვაკეთის გვერდით, ისევე როგორც სლოვაკეთი დგას უკრაინელი ხალხის გვერდით“, - განაცხადა ჯილ ბაიდენმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პირველი ლედი უკრაინას მოულოდნელად ეწვია. 

ოფიციალური ინფორმაციით, ჯილ ბაიდენი და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მეუღლე ოლენა ზელენსკა სამუშაო ვიზიტით უჟჰოროდში იმყოფებოდნენ. CNN-ის ცნობით, ჯილ ბაიდენმა ოთხდღიანი ევროპული ტურნე დაასრულა.