აშშ-ის პირველი ლედი უკრაინაში ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მეუღლე ჯილ ბაიდენი უკრაინაში ჩავიდა. ოფიციალური ინფორმაციით, ჯილ ბაიდენი და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მეუღლე ოლენა ზელენსკა სამუშაო ვიზიტით უჟჰოროდში იმყოფებოდნენ.

უკრაინაში ვიზიტამდე ჯილ ბაიდენი რუმინეთსა და სლოვაკეთში უკრაინელ ლტოლვილებს შეხვდა.

„ერთად ჩვენ ვართ ერთიანი უკრაინისთვის. იმედი მაქვს, რომ აქ ყოფნით შევძლებ მსოფლიოს გადავცე, თუ რამდენად შთააგონებს მსოფლიოს მათი ძალა და გამძლეობა და შევახსენო, რომ ისინი მარტონი არ არიან", - დაწერა ჯილ ბაიდენმა Twitter-ზე.

უსაფრთხოების საკითხების გამო, ვიზიტი წინასწარ არ იყო დაანონსებული.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.