უკრაინის სახალხო დამცველი: 100-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვეობიდან გათავისუფლებულია

100-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვეობიდან გათავისუფლებულია, - ამის შესახებ უკრაინის სახალხო დამცველმა ლუდმილა დენისოვამ გამოცემა Onet-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"სამხდროების ნაწილი ტყვედ მარიუპოლში აიყვანეს და მათ „კადიროველები“ აწამებდნენ. მათ თავზე ტომრებს აცვამდნენ, თვალებს წებოვანი ლენტით უხვევდნენ, ხელებს მაგიდაზე უბამდნენ და ბენზოხერხს რთავდნენ. ადამიანებს არ შეეძლოთ იმის გაგებაც კი რომელი თითისა თუ ხელის მოჭრას უპირებდნენ. მათ მხოლოდ ეს საშინელი ხმა ესმოდათ“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

ომბუდსმენის ინფორმაციით, ამის შემდეგ ტყვეები მიჰყავდათ ოკუპირებულ დონეცკში, სადაც ისინი წყლის, საკვებისა და მედიკამენტების გარეშე ჰყავდათ.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
 
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
 

ასევე წაიკითხეთ: