უკრაინა: რუსეთში აღლუმის საჰაერო ნაწილი არა ამინდის, არამედ უკრაინული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების გამო გაუქმდა

მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავი აღლუმის საჰაერო ნაწილი არა ამინდის, არამედ იმიტომ გაუქმდა, რომ ზოგიერთ ქალაქში მათ, შესაძლოა, გზად უკრაინული პორტაბელური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები (ПЗРК) შეხვედროდათ, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის განცხადებაშია ნათქვამი.

„ამიტომ ისტორია „ცუდი ამინდის“ შესახებ, მხოლოდ მანიპულაციაა, რადგან რუსეთისთვის 500 მილიონი რუბლის დახარჯვა, პუტინისთვის საკრალურ თარიღთან მიმართებით პრობლემას არ წარმოადგენს. თანაც იმის გათვალისწინებით, რომ სხვადასხვა შეფასებით, რუსეთის ფედერაცია უკრაინაში „სპეცოპერაციაზე“ $500 მილიონიდან $20 მილიარდამდე ხარჯავს“, - ნათქვამია განცხადებაში.


მოსკოვში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმის საჰაერო ნაწილი გაუქმდა, განაცხადა კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA Novosti-სთან. პესკოვმა მიზეზად ამინდი დაასახელა.

რუსეთში ნაციზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავს აღნიშნავენ.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ასევე წაიკიხეთ