მარიუპოლის მერის მრჩეველი: „აზოვსტალში“, 100-მდე მშვიდობიანი მოქალაქე რჩება

მარიუპოლის აზოვსტალის ფოლადის ქარხანაში სულ მცირე 100 მშვიდობიანი მოქალაქე რჩება, განაცხადა უკრაინელმა ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშჩენკომ.

„ის ფაქტი, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა ჯერ კიდევ იქ იმყოფება, არ ამცირებს ოკუპანტების თავდასხმების ინტენსივობას. მძიმე არტილერია და ავიაცია ქარხანას, 9 მაისს მთელი დღე ბომბავდა“, - აღნიშნა ანდრიუშენკომ.

მარიუპოლის მერის მრჩეველი, რომელიც ქალაქში არ იმყოფება, მაგრამ ხალხთან კონტაქტს ინარჩუნებს და აცხადებს, რომ რუსეთის მცდელობები ქარხნის შტურმით ასაღებად კვლავ წარუმატებელი აღმოჩნდა.


მანამდე უკრაინის ვიცეპრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცახდა, რომ რუსი ოკუპანტების მიერ, ალყაში მოქცეული „აზოვსტალიდან“ ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცის ევაკუაცია განხორციელდა.

მოგვიანებით კი, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ხელისუფლება, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად „აზოვსტალიდან“ ექიმებისა და დაჭრილების ევაკუაციის პროცესს ამზადებს.

აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია 1-ელ მაისს გაეროსა და წითელი ჯვრის მონაწილეობით დაიწყო.

6 მაისს, დილას გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა  და ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადეს, რომ მარიუპოლიდან ევაკუაციის მესამე ეტაპის შედეგად „აზოვსტალის“ ბუნკერებიდან 500 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. მანამდე 300-ის შესახებ იყო ცნობილი.

5 მაისს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გუტერეშმა  „აზოვსტალიდან“ სამოქალაქო პირების ევაკუაციის მესამე ეტაპის დაწყების შესახებ განაცხადა.

უკრაინის გენშტაბის განცხადებით რუსი სამხედროები „აზოვსტალის“ შტურმს განაგრძობენ. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მონაცემებით, „აზოვსტალის“ შტურმისას რუსული ძალები მნიშვნელოვან დანაკარგს განიცდიან.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. რუსეთმა თავისი საომარი მოქმედებების ძირითადი აქცენტი აღმოსავლეთ უკრაინაში გადაიტანა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.


ასევე წაიკითხეთ