ლიეტუვის სეიმმა (პარლამენტმა) ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთს „ტერორისტულ სახელმწიფოდ“ ცნობს, იუწყება Delfi.
„რუსეთის ფედერაცია, რომლის შეიარაღებული ძალები განზრახ და სისტემატურად ირჩევენ სამოქალაქო ობიექტებს დასაბომბად, არის სახელმწიფო, რომელიც მხარს უჭერს და ახორციელებს ტერორიზმს“, - ნათქვამია დოკუმენტში.
სეიმმა აღიარა აგრესია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების, მისი პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ გენოციდად და ასევე მოითხოვა სპეციალური საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის შექმნა. ლიეტუველი პარლამენტარების აზრით, ასეთ ტრიბუნალს უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს, მთავრობისა და სხვა საჯარო მოხელეების დაპატიმრების უფლებამოსილება.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები დააწესეს. ლიეტუვის ხელისუფლება იყო კავშირის მონაწილე ქვეყნებიდან პირველი, რომელმაც სრულად უარი თქვა რუსული გაზზე, შეწყვიტა რუსებისთვის მოკლევადიანი ვიზების გაცემა, შეამცირა რუსეთთან დიპლომატიური წარმომადგენლობის დონე და გააძევა რუსეთის ელჩი.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი არ გამორიცხავს, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს, რაც დამატებით სანქციებსა და შეზღუდვებს ითვალისწინებს.
ყურადღებით ვაკვირდებით ფაქტებს. ვითვალისწინებთ კანონს. იქნება ეს უფლებამოსილება, იქნება ეს რაიმე სხვა უფლებამოსილება, რომელიც ჩვენთვის ხელმისაწვდომია კანონის შესაბამისად, ჩვენ მას გამოვიყენებთ, თუ ეს იქნება ეფექტიანი და შესაბამისი“, - განაცხადა ნედ პრაისმა.
ამ სტატუსს სახელმწიფო დეპარტამენტი ანიჭებს ქვეყნებს, რომლებმაც „არაერთხელ დაუჭირეს მხარი საერთაშორისო ტერორიზმის აქტებს“. მხოლოდ ოთხი ქვეყანაა, რომლებსაც ამჟამად აშშ ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ასახელებს. ესენია ჩრდილოეთ კორეა, ირანი, კუბა და სირია.
შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა.
12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. 11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა.
ამავე თემაზე