თქვენ ევროპაში ომის პერსპექტივა თუ გაწუხებთ, ჩვენ ეს საერთოდ არ გვსურს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ომანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინაში „რუსული სპეცოპერაციის“ დასრულება შეაჩერებს დასავლეთის მცდელობებს, შეარყიოს საერთაშორისო სამართალი.
„თქვენ ევროპაში ომის პერსპექტივა თუ გაწუხებთ, ჩვენ ეს საერთოდ არ გვსურს, მაგრამ თქვენს ყურადღებას გადავიტან იმ ფაქტზე, რომ სწორედ დასავლეთია, რომელიც მუდმივად ამტკიცებს, რომ რუსეთი ამ სიტუაციაში უნდა დამარცხდეს. დასკვნები თავად გამოიტანეთ“, – განაცხადა ლავროვმა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.