ჩეხეთის სენატმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა

ჩეხეთის სენატმა, უკრაინაში რუსეთის არმიის ქმედებები გენოციდად შეაფასა. ინფორმაციას უკრაინის ელჩი პრაღაში, ევგენ პერებიინი Twitter-ზე ავრცელებს. 

"ჩეხეთის სენატმა ახლახან გენოციდად აღიარა დანაშაულები, რომლებსაც რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში სჩადიან. მიღებული რეზოლუცია ჩეხეთის რესპუბლიკის მხრიდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მხარდაჭერას გულისხმობს". - წერს ელჩი.


მანამდე რუსეთის არმიის ქმედებები გენოციდად კანადის, ლიეტუვას, ლატვიის, ესტონეთის პარლამენტებმა აღიარეს. ამასთან ლიეტუვას პარლამენტმა რუსეთი  „ტერორისტულ სახელმწიფოდ“ გამოაცხადა.  

აპრილში, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რუსეთის პრეზიდენტის პოლიტიკას უკრაინასთან მიმართებით გენოციდი უწოდა. „მე ვუწოდებ ამას გენოციდს, იმიტომ რომ, სულ უფრო ნათელი ხდება, რომ პუტინი ცდილობს აღგავოს მიწის პირისგან თვით ფიქრიც კი, რომ შესაძლოა იყო უკრაინელი. სულ უფრო მეტი მტკიცებულებაა, იმ საშინელებების, რაც რუსებმა უკრაინაში ჩაიდინეს“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.