პოლონეთის პრემიერ-მინისტრი: ვლადიმერ პუტინი უფრო საშიშია, ვიდრე ადოლფ ჰიტლერი და იოსებ სტალინი, რადგან მის ხელში მეტად მომაკვდინებელი იარაღია

რუსი დიქტატორი ვლადიმერ პუტინი უფრო საშიშია, ვიდრე ადოლფ ჰიტლერი და იოსებ სტალინი, რადგან მის ხელში მეტად მომაკვდინებელი იარაღია, ვიდრე მეოცე საუკუნის დიქტატორებს ჰქონდათ - ბირთვული რაკეტები და ინტერნეტი, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა.

"რუსეთმა დააინფიცირა საინფორმაციო სივრცე მილიონობით ე.წ. ფეიკ ნიუსით, ამიტომ მსოფლიოს სჭირდება დეპუტინიზაცია. რუსი დიქტატორი ავითარებს მითს იმის შესახებ, რომ რუსეთმა დაამარცხა ნაციზმი, მაგრამ არ ახსენებს ომის შემდგომ ათწლეულების რეპრესიებს აღმოსავლეთ ევროპაში", - განაცხადა მორავეცკიმ.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.


 ასევე წაიკითხეთ: