თურქეთი ყაზახეთის ნავთობით დაინტერესდა. ამის შესახებ ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა ბულატ აქჩულაკოვმა ადგილობრივ მედიას განუცხადა.
„თურქეთში ვიზიტისას, შევხვდი ენერგეტიკის მინისტრ ფატიხ დონმეზს. დავათვალიერეთ თურქეთში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა და ასევე განვიხილეთ ნავთობის საკითხი, მიწოდების გზები და შესაძლო ინვესტიციები. საქმე იმაშია, რომ 2010 წლიდან ჩვენ არ გვაქვს ერთობლივი პროექტები ნავთობის სექტორში. ამ საკითხზეც მოვილაპარაკეთ“, - განაცხადა ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა.
მისი თქმით, თურქეთი არა მხოლოდ ნავთობის მიწოდებით, არამედ ნავთობსაბადოებითაც დაინტერესდა. „კასპიის მილსადენის კონსორციუმთან ერთად, თურქეთის ინტერესის სფეროა სარკინიგზო გადაზიდვები, ასევე ალტერნატიული მარშრუტი შესაძლოა გახდეს საზღვაო გადაზიდვები. ნავთობის გადაზიდვის ალტერნატიული გზების განვითარებას, რამდენიმე წელი დასჭირდება. ახლა თურქეთი დღე-ღამეში 1 მილიონ ბარელ ნავთობს მოიხმარს“, - აღნიშნა მინისტრმა.
„ბუნებრივია მათ აინტერესებთ ყაზახეთის ნავთობი, რადგან საკუთარი იმპორტის დივერსიფიცირებას ცდილობენ. ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ გვაქვს შესაძლებლობები. დღეიდან თურქეთს უკვე მიეწოდება ყაზახური ნავთობი“, - აცხადებს ბულატ აქჩულაკოვი.
11 მაისს ყაზახეთსა და თურქეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებები გაფორმდა.