დიმიტრი პესკოვი: ფინეთის NATO-ში გაწევრიანება, რუსეთისთვის საფრთხეა

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი, NATO-ში გაწევრიანების შესახებ ფინეთის ხელისუფლების პოზიციას გამოეხმაურა. მისი თქმით, ფინეთის ალიანსში გაწევრიანება რუსეთს საფრთხეს შეუქმნის. ამის შესახებ რუსული მედია წერს. 

„NATO-ს მორიგი გაფართოება, ჩვენს კონტენტს უფრო სტაბილურსა და უსაფრთხოს ქმნის. ყოველთვის განვიხილავთ და ვაანალიზებთ სხვადასხვა ვარიანტებს“, - აღნიშნა პესკოვმა

მან ასევე განაცხადა, რომ, რუსეთი სპეციალურ ანალიზს ფინეთის NATO-ში გაწევრიანების შემდეგ გააკეთებს, რათა უსაფრთხოების სპეციალური ზომები შეიმუშაოს. 

12 მაისს, ცნობილი გახდა, რომ ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ და პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა NATO-ში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს. მათი აზრით, ქვეყანამ დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს ალიანსში გაწევრიანების განაცხადი და ამისთვის ყველა აუცილებელი ნაბიჯი უახლოეს დღეებში გადაიდგმება.

NATO-ში გაწევრიანების გადაწყვეტილებას ფინეთის პარლამენტარებმა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ასევე ერთხმად დაუჭირეს მხარი. გუშინ, სკანდინავიურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შვედეთი და ფინეთი ალიანსში გაწევრიანების შესახებ, მომავალი კვირის დასაწყისში ერთდროულად განაცხადებენ.

სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებას ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში, რუსეთის მხრიდან საპასუხო ნაბიჯები მოჰყვება.


ცნობისათვის, ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა 13 აპრილს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს რამდენიმე კვირაში მიიღებდა. ფინეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, არ არსებობს რაიმე სახის გრაფიკი, მაგრამ უკრაინაში რუსეთის შეჭრით ყველაფერი შეიცვალა.

ფინეთის მოსახლეობის 61% ემხრობა ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას. კვლევის შედეგები, გამოცემა Helsingin Sanomat-მა გამოაქვეყნა.

ვაშინგტონში, 1949 წლის 4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე, ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძნებელი ქვეყნის მიერ, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია დაარსდა.

დამფუძნებელი წევრების მთავარი მიზანი იყო, წინ აღდგომოდნენ საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს, ერთობლივად დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო საშუალებებით. დღეს NATO ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 30 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება წარმოადგენს.