უკრაინის რადას დეპუტატებმა, რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსის მოქალაქეების ქონების კონფისკაციის საკითხს მხარი დაუჭირეს. უკრაინული მედიის ცნობით, შესაბამისი კანონი, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივით მომზადდა.
კანონი ითვალისწინებს ახალი სახის სანქციებს, კერძოდ ვრცელდება სახელმწიფო აქტივებზე, რომლებიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ეკუთვნით.
საქმე ეხება ქონების სრულ კონფისკაციას და არა ფლობის შეზღუდვას, როგორც ამას კლასიკური სანქციები ითვალისწინებს. ასეთი მკაცრი ზომის მიღების მიზეზი, შექმნილმა საომარმა ვითარებამ განაპირობა. ეს სანქცია ეხებათ იმ პირებს, რომლებსაც უკვე დაბლოკილი აქვთ აქტივები. აქტივების კონფისკაცია გამოყენებული იქნება უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად.
კანონის თანახმად, რუსი და ბელორუსი მოქალაქეების ქონების კონფისკაცია შესაძლებელია უკრაინის ფარგლებს გარეთაც. ამ შემთხვევაში აუცილებელი იქნება საერთაშორისო თანამშრომლობა. პირთა წრე, ვისზეც კანონი გავრცელდება, საკმაოდ ფართოა. უკრაინის ნაციონალურმა სააგენტომ 11 141 ფიზიკური და 2 976 იურიდიული პირი იპოვა, რომელთაც კავშირი აქვთ ომთან. აქტივები ჩამოერთმევათ, როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს, როგორც რუსებს, ისე ბელორუსებს, ასევე მათ ვინც ფორმალურად ფლობს ამ ქვეყნების პასპორტებს.
ქონების კონფისკაცია ეხებათ მხოლოდ იმ პირებს, რომელთაც საფრთხე შეუქმნეს უკრაინის ნაციონალურ უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს ან ტერიტორიულ მთლიანობას, ან ხელი შეუწყეს ასეთ ქმედებებს.