რუსული გაზის გიგანტმა „გაზპრომმა“ პუტინის სანქციების გამო, პოლონეთის გავლით, ევროპაში გაზის ტრანზიტი შეაჩერა. მონოპოლისტი კომპანია, ტრანზიტისთვის „იამალი-ევროპის“ გაზსადენს აღარ გამოიყენებს, ამის შესახებ „გაზპრომის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა სერგეი კუპრიანოვმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზია სანქციები, რომლებიც კომპანია EuRoPol GAZ-ს დაუწესდა. ეს კომპანია „იამალი-ევროპის“ გაზსადენის პოლონეთის მონაკვეთს ფლობს. გასულ თვეში, მონოპოლისტმა „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ კომპანია აღარ გამოიყენებს აღნიშნულ გაზსადენს, რადგან მფლობელმა კომპანიამ კრემლის მოთხოვნა არ შეასრულა და გაზის საფასური რუბლში არ გადაიხადა.
გაზსადენი „იამალი-ევროპა“ გადის რუსეთის, ბელორუსის, პოლონეთის და გერმანის ტერიტორიაზე, რომლის მეშვეობითაც ევროპას რუსული გაზის მცირე ნაკადები მიეწოდება. რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, ამ გაზსადენის გამტარუნარიანობა შემცირდა.
1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვს. ამისთვის უცხოელმა მყიდველებმა ანგარიში „გაზპრომბანკში“ უნდა გახსნან. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება“.
შეგახსენებთ, აშშ-ის მიერ გამოცხადებული ახალი სანქციები გაზპრომბანკის" ხელმძღვანელებსაც შეეხებათ. ეს არის ინსტიტუტი, რომლის მეშვეობითაც ევროპის უმეტესი ნაწილი რუსულ გაზს ყიდულობს.