თეთრი სახლი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აცხადებ. ამის შესახებ CNN აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.
- სანქციები მოსკოვის ინდუსტრიულ ბანკს და მის 10 შვილობილ კომპანიას დაუწესდება. სანქციების სიას დაემატა 8 ხელმძღვანელი ,,სბერბანკიდან", რომლებიც რუსეთის საბანკო აქტივების მესამედს ფლობენ. პაკეტი რუსებისთვის საბუღალტრო და საკონსულტაციო სერვისების მიწოდების აკრძალვასაც მოიცავს, ასევე, სავიზო შეზღუდვებს რუსეთისა და ბელორუსის 2600 ოფიციალური პირისთვის. სანქციები სამ რუსულ ტელევიზიასა (Россия 1, Первый канал Россия და НТВ) და ,,გაზპრომბანკის" ხელმძღვანელებსაც შეეხებათ. ეს არის ინსტიტუტი, რომლის მეშვეობითაც ევროპის უმეტესი ნაწილი რუსულ გაზს ყიდულობს. CNN-ის ცნობით, ამ ინსტიტუტის ხელმძღვანელთა წინააღმდეგ ეს პირველი ასეთი სანქციაა.
ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებთან განმარტა, რომ ეს არ არის სრული ბლოკირება და ,,გაზპრომბანკის" აქტივებს არ ყინავენ.
„გაზპრომბანკი" უსაფრთხო თავშესაფარი არ არის და ამიტომ, ჩვენ სანქციებს ვუწესებთ მათ ზოგიერთ აღმასრულებელ ხელმძღვანელს", - განაცხადა ოფიციალურმა პირმა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.