ლატვიის პარლამენტმა რუსეთთან მემორიალური ძეგლების შენარჩუნების შესახებ შეთანხმება შეაჩერა.
„საბჭოთა არმიის იმიჯი და სიმბოლიკა ახლა პირდაპირ და ცალსახად უკავშირდება რუსეთის აგრესიას და მისი შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებს. გეოპოლიტიკური პირობებისა და საერთაშორისო პრაქტიკის შეცვლა ნიშნავს, რომ ლატვიას არ შეუძლია და არ იქნება ვალდებული, შეინარჩუნოს საბჭოთა ოკუპაციის ძეგლები“, - განაცხადა სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა რიჰარდს კოლსმა.
ხელშეკრულების შეჩერება „რიგის განმათავისუფლებელთა“ ძეგლის დემონტაჟის სამართლებრივ საფუძველს იძლევა. ვინაიდან ძეგლი რიგაში მდებარეობს, დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილება რიგის საკრებულომ უნდა მიიღოს. როგორც რიგის მერმა მარტიშ სტაკისმა 11 მაისს განაცხადა, ძეგლის დემონტაჟი სავარაუდოდ, არ მოხდება სეიმის არჩევნებამდე, რომელიც 2022 წლის პირველ ოქტომბერს გაიმართება.
თავის მხრივ, ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ჯაბაროვმა განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა წაიღოს „განმათავისუფლებელთა“ ძეგლი რიგიდან, თუ მისი დემონტაჟი მოხდება.
რიგაში, 1985 წელს დადგმული „განმათავისუფლებელთა“ ძეგლის დემონტაჟის საკითხი, ლატვიაში წლების განმავლობაში განიხილებოდა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე დისკუსიამ ახალი სახე მიიღო.