მოსახლეობას გარანტიას ვაძლევთ, რომ იქნება გრძელვადიანი მშვიდობა, არანაირი მეორე ფრონტი, მეორე ომი არ იქნება ქვეყანაში, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.
„ყველა მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია რომ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა იყოს. ამის გარეშე ქვეყანაში არაფერი იქნება. ჩვენმა ქვეყანამ რუსეთთან უკვე სამჯერ იომა, ათასი უბედურება გადავიტანეთ. ამას თუ ჩვენ კარგი ანალიზი არ გავუკეთეთ და კიდევ გავაგრძელეთ უპასუხისმგებლო რიტორიკა, მათ შორის შიდა მტრების დესტრუქციული საქმიანობა, ეს ძალიან ცუდი იქნება. ამას ჩვენი ხელისუფლება არ დაუშვებს.
ჩვენ მოწოდების სიმაღლეზე ვართ. ჩვენ მოსახლეობას გარანტიას ვაძლევთ, რომ იქნება გრძელვადიანი მშვიდობა, არანაირი მეორე ფრონტი, ომი არ იქნება ქვეყანაში. იქნება განვითარება, მშენებლობა და მშვიდობა. აქციები თქვენ გამართეთ თქვენი ბელადისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში
დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად
აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში
დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს,
ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ
დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.