უკრაინა აწარმოებს მოლაპარაკებებს მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხნიდან 60 ადამიანის ევაკუაციის შესახებ. ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.
„იქ რამდენიმე ასეული დაჭრილია. პირველ რიგში, საჭიროა მათი ევაკუაცია, იმიტომ რომ ყველას ევაკუაციაზე რუსული მხარე არ თანხმდება. შესაბამისად, ჯერ მძიმედ დაჭრილები და მედიკოსები - 60 ადამიანი“, - აცხადებს ვერეშჩუკი.
10 მაისს, „აზოვსტალზე“ შტურმის შემდეგ, რიგი სამხედროების მდგომარეობა დამძიმდა. „აზოვის“ მეთაურებმა მოუწოდეს ხელისუფლებას, რომ დაჭრილების ევაკუაციის პროცესი დააჩქაროს, რადგან მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებათ.
როგორც ცნობილია, მარიუპოლი პირველი მარტიდან ალყაშია. აზოვსტალზე სამხედრო იერიში 1-ელი მაისიდან განახლა. 4 მაისს კი რუსი სამხედროები „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე შეიჭრნენ.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ამავე თემაზე
- „აზოვის“ პოლკის მეთაური: ვამაყობ ჩემი ჯარისკაცებით, რომლებიც არაადამიანურ ძალისხმევას დებენ, რომ მოწინააღმდეგე შეაკავონ
- აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე: არახამია და პოდოლიაკი მზად არიან, მარიუპოლში რუსეთის დელეგაციას ევაკუაციაზე ესაუბრონ