„მტერი საჰაერო თავდასხმით, მძიმე არტილერიისა და ტანკების გამოყენებით ცდილობს „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე შეღწევას“, - ნათქვამია „აზოვის პოლკის“ ახალ შეტყობინებაში, რომელიც Telegram-ში გავრცელდა.
„რუსი ოკუპანტები განაგრძობენ საწარმოს დაბომბვას, ქვეყანაში აგრესორის სრულმასშტაბიანი შემოჭრის 80-ე დღეს.ბომბების გარდა, რუსები მძიმე არტილერიას და ტანკებს იყენებენ. უფრო მეტიც, მათ განათავსეს დიდი რაოდენობით ქვეითი ჯარისკაცები უკრაინის პოზიციებზე შტურმისთვის“, - ნათქვამია შეტყობინებაში.
„აზოვსტალის“ დამცველები სიტუაციას უკიდურესად კრიტიკულად აფასებენ, თუმცა იცავენ პოზიციებს და ცდილობენ მტრის ჯარების შეკავებას.
10 მაისს, „აზოვსტალზე“ შტურმის შემდეგ, რიგი სამხედროების მდგომარეობა დამძიმდა. „აზოვის“ მეთაურებმა მოუწოდეს ხელისუფლებას, რომ დაჭრილების ევაკუაციის პროცესი დააჩქაროს, რადგან მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებათ.
როგორც ცნობილია, მარიუპოლი პირველი მარტიდან ალყაშია. აზოვსტალზე სამხედრო იერიში 1-ელი მაისიდან განახლა. 4 მაისს კი რუსი სამხედროები „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე შეიჭრნენ.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ამავე თემაზე
- „აზოვის“ პოლკის მეთაური: ვამაყობ ჩემი ჯარისკაცებით, რომლებიც არაადამიანურ ძალისხმევას დებენ, რომ მოწინააღმდეგე შეაკავონ
- აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე: არახამია და პოდოლიაკი მზად არიან, მარიუპოლში რუსეთის დელეგაციას ევაკუაციაზე ესაუბრონ