გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ გერმანიას მომზადებული აქვს ყველაფერი ფინეთის გასაწევრიანებლად სწრაფი რატიფიკაციის პროცესისთვის.
Reuters-ის ცნობით, ბერლინის შეხვედრაზე ბევრმა მოკავშირემ მხარი დაუჭირა ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას, ამასთან, ხაზს უსვამენ, მათი წევრობის შესახებ წინადადებების სწრაფი რატიფიცირების აუცილებლობას, რასაც როგორც წესი, ერთ წლამდე პერიოდი სჭირდება.
„ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ მათ უსაფრთხოების გარანტიებს მივცემთ, რაც, არ უნდა იყოს გარდამავალი პერიოდი, ნაცრისფერი ზონა, სადაც მათი სტატუსი გაურკვეველია. თუ ეს ორი ქვეყანა NATO-ს წევრობას გადაწყვეტს, მათი გაწევრიანება მალე უნდა მოხდეს“, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ბერბოკი გულისხმობდა რატიფიკაციის პერიოდს, რომლის დროსაც სკანდინავიური ქვეყნები ჯერ კიდევ არ იქნებიან დაცული NATO-ს მე-5 მუხლით, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ ერთ მოკავშირეზე თავდასხმა ნიშნავს თავდასხმას ყველაზე.
გერმანიაში NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება. 14 მაისს, დისკუსიების პირველ რაუნდზე შვედეთი და ფინეთიც იყვნენ მიწვეულები. 15 მაისს კი, მეორე სესიაზე მოკავშირეები შეიკრიბნენ. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრების პარალელურად, 15 მაისს, ფინეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანება სურს. მედია წერს, რომ ფინეთი წინადადებას სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ წარადგენს, შვედეთი - 17 მაისს.