აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ბერლინში წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების შესახებ „თითქმის ყოვლისმომცველი ძალიან ძლიერი მხარდაჭერა“ მოისმინა. ბლინკენი დარწმუნებულია, რომ NATO-ს ქვეყნები ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების საკითხზე კონსენსუსს მიაღწევენ.
„აშშ მტკიცედ დაუჭერს მხარს NATO-ს შვედეთის ან ფინეთის განცხადებას, თუ ისინი გადაწყვეტენ ოფიციალურად მიმართონ ალიანსს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მივაღწევთ კონსენსუსს“, - ამბობს ბლინკენ.
NATO-ს მოკავშირეები აცხადებენ, რომ შვედეთის და ფინეთის მხრიდან განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, რატიფიკაციის პროცესის დაჩქარება აუცილებელია.
გერმანიაში NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება. 14 მაისს, დისკუსიების პირველ რაუნდზე შვედეთი და ფინეთიც იყვნენ მიწვეულები. 15 მაისს კი, მეორე სესიაზე მოკავშირეები შეიკრიბნენ. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრების პარალელურად, 15 მაისს, ფინეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანება სურს. მედია წერს, რომ ფინეთი წინადადებას სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ წარადგენს, შვედეთი - 17 მაისს.