გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ NATO-ს კარი ფინეთისთვის და შვედეთისთვის ღიაა. ანალენა ბერბოკის თქმით, ალიანსში მათი გაერთიანება გააძლიერებს NATO-ს და გააერთიანებს ჩრდილოეთ ევროპის სახელმწიფოებს. ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ გერმანიას მომზადებული აქვს ყველაფერი ფინეთის გასაწევრიანებლად სწრაფი რატიფიკაციის პროცესისთვის.
NATO-ს მოკავშირეები აცხადებენ, რომ შვედეთის და ფინეთის მხრიდან განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, რატიფიკაციის პროცესის დაჩქარება აუცილებელია.
გერმანიაში NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება. 14 მაისს, დისკუსიების პირველ რაუნდზე შვედეთი და ფინეთიც იყვნენ მიწვეულები. 15 მაისს კი, მეორე სესიაზე მოკავშირეები შეიკრიბნენ. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრების პარალელურად, 15 მაისს, ფინეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანება სურს. მედია წერს, რომ ფინეთი წინადადებას სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ წარადგენს, შვედეთი - 17 მაისს.