გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ამბობს, რომ NATO ახლა ისე მნიშვნელოვანი და რელევანტურია, ვიდრე ოდესმე. ბერბოკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ NATO მნიშვნელოვანია ყველას თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის. ბერლინში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნებმა უნდა გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ NATO-ს კარი ფინეთისთვის და შვედეთისთვის ღიაა. მისი თქმით, ალიანსში მათი გაერთიანება გააძლიერებს NATO-ს და გააერთიანებს ჩრდილოეთ ევროპის სახელმწიფოებს.
NATO-ს მოკავშირეები აცხადებენ, რომ შვედეთის და ფინეთის მხრიდან განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, რატიფიკაციის პროცესის დაჩქარება აუცილებელია. გერმანიაში NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება. 14 მაისს, დისკუსიების პირველ რაუნდზე შვედეთი და ფინეთიც იყვნენ მიწვეულები. 15 მაისს კი, მეორე სესიაზე მოკავშირეები შეიკრიბნენ. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრების პარალელურად, 15 მაისს, ფინეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანება სურს. მედია წერს, რომ ფინეთი წინადადებას სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ წარადგენს, შვედეთი - 17 მაისს.