შვედეთის მმართველმა პარტიამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ NATO-ში წევრობის განაცხადის შეტანაზე მუშაობას იწყებს

შვედეთის მმართველი „სოციალ-დემოკრატების პარტიის საბჭომ გადაწყვიტა, რომ NATO-ში განაცხადის წარდგენაზე იმუშავებს. თუმცა შვედეთს არ სურს ბირთვული იარაღი ან NATO-ს ბაზები ქვეყანაში.

„სოციალ-დემოკრატები იმუშავებენ, რათა უზრუნველყონ, რომ შვედეთმა, NATO-ს მიერ განაცხადის დამტკიცების შემთხვევაში, განაცხადებს ცალმხრივი დათქმების შესახებ შვედეთის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღისა და მუდმივი ბაზების განლაგების წინააღმდეგ“, - ნათქვამია განცხადებაში.

დღესვე, 15 მაისს, ფინეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანება სურს. შვედეთის პრემიერ-მინისტრი მაგდალენა ანდერსონი აცხადებს, რომ NATO-ს წევრი შვედეთი მეტ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და მიაღწევს უფრო მეტ უსაფრთხოებას. ამავე დროს, აღნიშნავს, რომ შვედეთი დაუცველი იქნება განაცხადის წარდგენის პროცესის დროს, ვიდრე სხვა ქვეყნების სრულ მხარდაჭერას მიიღებს. 


სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. გასულ კვირას ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას მხარს 76% უჭერს. რუსეთმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება, „საპასუხო ნაბიჯები“ გადადგას.

შვედეთსაც და ფინეთსაც მჭიდრო კავშირები აქვთ ალიანსთან, პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამას 1994 წელს შეუერთდნენ და NATO-ს წევრ ქვეყნებთან ერთად წვრთნებში, ასევე, ალიანსის ხელმძღვანელობით სამშვიდობო მისიებში რეგულარულად მონაწილეობენ.

ინფორმაციისთვის, ვაშინგტონში, 1949 წლის 4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე, ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძნებელი ქვეყნის მიერ, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია დაარსდა. დამფუძნებელი წევრების მთავარი მიზანი იყო, წინ აღდგომოდნენ საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს, ერთობლივად დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო საშუალებებით.

დღეს NATO ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 30 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება წარმოადგენს.